საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" საკავშირო აგენტურის ქსელი გაცილებით ფართო და სოლიდური იყო,ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო! - TB 24 - თბილისი 24
23/03/2023

საკავშირო აგენტურის ქსელი გაცილებით ფართო და სოლიდური იყო,ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო!

“არ მინდა, გარდაცვლილზე რამე ვთქვა, მაგრამ მეგონა, ვინმე რამეს იტყოდა. ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, არაფერი თქვეს! აფხაზეთში ტანკებით მე შევედი? ეს იყო იმ დროინდელი ხელისუფლების დანაშაული!”

ქვეყნის ყოფილი პირველი პირი – ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, რომ მიხეილ გორბაჩოვი აფხაზეთში პრობლემის მოსაგვარებლად მხარდაჭერას უცხადებდა, მაგრამ კრემლში სხვებიც იყვნენ, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძე…ჯუმბერ პატიაშვილი თავად გვესაუბრა, თუ როგორ დაიწყო აფხაზეთში დაძაბულობა მისი მმართველობის დროს…

– ლიხნის შეკრებაზე დაისვა საკითხი, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, რის გამოც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი მდივანი – ადლეიბა თანამდებობიდან გავუშვით, რამდენიმე მხარდამჭერიც და პასუხიც მოვთხოვეთ!

ჩემს წიგნში ზუსტად აღვწერე ყველაფერი და მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იყო… როგორ შეიძლებოდა, უნივერსიტეტების გაყოფა?! სოხუმის უნივერსიტეტი ცალკე რატომ უნდა ყოფილიყო? დაპირისპირება დაიწყო, რადგან 70 პროცენტი ქართველები იყო რექტორიც, პედაგოგიც და სტუდენტიც…

– ედუარდ შევარდნაძეზე რას იტყოდით?

– არ მინდა, გარდაცვლილზე რამე ვთქვა, მაგრამ მეგონა, ვინმე რამეს იტყოდა. ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, არაფერი თქვეს! აფხაზეთში ტანკებით მე შევედი? ეს იყო იმ დროინდელი ხელისუფლების დანაშაული!

– თქვენ არ შეხვიდოდით ტანკებით?

– არავითარ შემთხვევაში! გამორიცხულია, რაც უნდა მომხდარიყო, ტანკებით არ შევიდოდი…

მე 23 წლის მერე დავწერე, რა ნაბიჯებიც გადავდგი აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად…

გთავაზობთ ამონარიდს ჯუმბერ პატიაშვილის წიგნიდან – „ოცდასამი წლის შემდეგ“:

– როგორც საქართველოს რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, კრემლში უკანასკნელად 1989 წლის 16 მარტს ვიყავი.

გორბაჩოვთან პირისპირ შეხვედრისას, ორი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და მისგან ორივეზე დადებითი პასუხი მივიღე.

პირველი და უმთავრესი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. ლიხნის შეკრება ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული, მაგრამ სეპარატისტული ზრახვებისა და შეკრების სამზადისის შესახებ უკვე ინფორმირებული ვიყავით.

ვღელავდი… გორბაჩოვს ადლეიბასთან გამოკვეთილად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ მისი დაყოლიება გამიჭირდებოდა. მან გულდასმით მომისმინა და მოკლედ, მაგრამ გასაგებად მითხრა:

– იმოქმედეთ ისე, როგორც ამას თქვენი რესპუბლიკის ინტერესები მოითხოვს.

მეორე საკითხი ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში, კერძოდ, ბაკურიანში ჩატარებას უკავშირდებოდა. გორბაჩოვი აქაც მხარდაჭერას დამპირდა.

კმაყოფილი დავტოვე კრემლი და მეორე დღესვე საქართველოში დავბრუნდი.

საქართველოში კი მოვლენები დრამატულად განვითარდა:

18 მარტს, ლიხნის ცნობილი შეკრება გაიმართა და სეპარატისტულ დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა – ადლეიბამაც მოაწერა ხელი.

ამის შემდეგ, ადლეიბასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა, სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ავადმყოფობა მოიმიზეზა და შემოგვითვალა:

– როგორც გამოვჯანმრთელდები, მე თვითონ ჩამოვალ თბილისში.

აღელვებული საზოგადოების დაშოშმინება შეუძლებელი გახდა…

პირადად მე, არამხოლოდ როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, არამედ, როგორც ერთი რიგითი ქართველი და მოქალაქე, არანაკლებ აღშფოთებული ვიყავი და მიმაჩნდა, რომ სეპარატისტები, პირველ რიგში კი – ადლეიბა, საკადრის პასუხს იმსახურებდნენ.

მარტის ბოლოსკენ პროცესები კიდევ უფრო უმართავი გახდა.

თბილისიდან ჩასულ არაფორმალებსა და სეპარატისტებს შორის ბზიფში შეხვედრა დაპირისპირებითა და შეხლა-შემოხლით დამთავრდა.

მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო.

პირველ აპრილს სოხუმში ჩავფრინდი.

შევხვდი აფხაზ ინტელიგენციას, უხუცესებსა და სტუდენტებს. არასდროს დამავიწყდება ერთი უხუცესი აფხაზის სიტყვები, რომელსაც გონიერება და ტაქტი ეყო, საჯაროდ არ განეცხადებინა, მორიდებით გამიხმო გვერდით და მითხრა:

– როდესაც ქართველები საკუთარი ქართველობის ხაზგასმას იწყებენ და ეროვნულ დროშას აფრიალებენ, იქ, ბუნებრივია, აფხაზებსაც ახსენდებათ საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა და აფხაზური დროშა! აუხსენით თქვენს არაფორმალებს, რომ ამ სამფეროვანი დროშებით სოხუმის ქუჩებში სიარულს უთუოდ მოჰყვება აფხაზების მხრიდან სეპარატიზმის გაღვივება და გაღიზიანება. ეს კი არც ქართველ და არც აფხაზ ხალხს არ მოუტანს სიკეთესო…

სიტუაცია მეტ-ნაკლებად დავაშოშმინეთ. შს მინისტრი გორგოძე და ქართული მილიციის თითქმის მთლიანი შემადგენლობა აფხაზეთში დავტოვეთ და დედაქალაქში დავბრუნდი.

თბილისში დაბრუნებულს შემატყობინეს, რომ ცენტრალური კომიტეტიდან ხუთკაციანი ბრიგადა გამოგზავნეს, პრობლემის ადგილზე შესასწავლად.

ამას დაემთხვა გრამოვის სატელეფონო ზარიც, რომელმაც მითხრა, რომ ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოსვლა და ბაკურიანის დათვალიერება სურდა.

ყველანაირად შევეცადე, ვიზიტის გადადებაზე დამეყოლიებინა, არ მსურდა, ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ჩამოსულიყო, მაგრამ ვერ დავითანხმე.

– ვადა იწურება და ხვალ მოვფრინავო, – მითხრა გრამოვმა.

სხვა გზა არ იყო, არაფორმალების ლიდერებს უნდა შევხვედროდი და მეთხოვა, გარკვეული პერიოდით მაინც შეეკავებინათ თავი აქციების და დემონსტრაციების ჩატარებისგან.

1989 წლის, 3 აპრილს, ღამის ათ საათზე, ჩემთან მოვიდნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ნიკო ჭავჭავაძე. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო, რომელიც ცენტრალურ კომიტეტში ჩემს კაბინეტში შედგა.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისთვის მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა და საზოგადოების თვალში, ალბათ, დაპირისპირებულ ძალებსაც წარმოვადგენდით, შეხვედრამ ადამიანურ, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

ხელის ჩამორთმევით მივესალმეთ ერთმანეთს, სამუშაო მაგიდას მივუსხედით და საუბარი პირდაპირ აფხაზეთის თემით დავიწყე.

როგორი განსხვავებული პოზიციები და ხედვებიც უნდა გვქონოდა, ერთი რამ ცხადი იყო – ჩვენ საერთო სამშობლო გვქონდა, რომლის მთლიანობასაც აფხაზური სეპარატიზმი უქმნიდა საფრთხეს.

– შეწყვიტეთ დემონსტრაციები და მიტინგები. მომეცით ორი კვირა. თუ ამ დროის განმავლობაში მე, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, ვერ შევძლებ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, პირობას გაძლევთ, რომ თანამდებობიდან გადავდგები და როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და რიგითი ქართველი, თქვენ გვერდით დავდგები! – ამ სიტყვებით დავიწყე და ამ სიტყვებით დავასრულე შეხვედრა, რომლის მიმდინარეობის დროსაც ასევე დეტალურად, სამივესთვის გასაგებ ენაზე ავხსენი, რამდენად მომგებიანი იყო საქართველოსთვის ზამთრის ოლიმპიადის ბაკურიანში ჩატარება და დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამდენად მისაღები იყო, რომ გრამოვს საქართველოში სიმშვიდე და სტაბილურობა დახვედროდა.

პირველი ზვიად გამსახურდია წამოდგა სკამიდან და თქვა:

– მართალია ეს კაცი, უნდა ვაცადოთ, მით უფრო, რომ არც ორი დღე და არც ორი კვირა არაფერს წყვეტს. თუ დათქმულ დროში არაფერი გამოვიდა, აქციების გამართვა სოხუმში ზაფხულშიც შეიძლება და გაცილებით მეტი ხალხის მობილიზაციასაც შევძლებთ, ვიდრე ეს დღესაა თბილისში შესაძლებელი…

დანარჩენებიც დაეთანხმნენ.

შეთანხმების ნიშნად, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და როდესაც სტუმრები კარამდე მივაცილე, რა თქმა უნდა, აზრად არ მომსვლია, რომ ერთმანეთს უკანასკნელად ვხედავდით…

ამის შემდეგ გათენდა ოთხი აპრილი.

გრამოვი საქართველოში ჩამოვიდა და ბაკურიანში გავემგზავრეთ.

აღფრთოვანებული გრამოვი, რომელიც იმედს იძლეოდა, რომ ოლიმპიადის ბაკურიანში ჩატარებას დაუჭერდა მხარს, საღამოს ვახშმად დანგაძის ცნობილ ქოხში დავპატიჟეთ.

ამ დროს, მიკავშირდებიან თბილისიდან და მეუბნებიან, რომ არაფორმალების ლიდერები მომიტინგეებთან და ინტელიგენციის გარკვეულ წარმომადგენლებთან ერთად „დინამოს“ სტადიონზე გამართული ფეხბურთის მატჩის შემდეგ, დაიძრნენ და მთავრობის სახლთან აქციას ატარებენ.

ყურებს არ ვუჯერებდი. ჩვენი შეთანხმებიდან ორი კვირა კი არა, 24 საათიც არ იყო გასული.

სასწრაფოდ დავბრუნდი თბილისში და იმავე საღამოს ადლეიბას შემცვლელი კანდიდატის შერჩევას შევუდექით.

გადაწყდა, რომ ადლეიბას ვლადიმერ ხიშბა შეცვლიდა, რომელიც სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და რომლის დასაყოლიებლად, პირადად მე, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება დამჭირდა.

სოხუმისთვის არაფერი შეგვიტყობინებია.

გათენდა თუ არა 6 აპრილის დილა, ექვს საათზე ვლადიმერ ხიშბა – საფოსტო რეისით, მე კი მომდევნო რეისით აფხაზეთში ჩავფრინდით.

აეროპორტში შს მინისტრი შოთა გორგოძე, კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი სესილი გოგიბერიძე და მეორე მდივანი – ბარამიძე დამხვდნენ.

ჩავატარეთ ბიუროს სხდომა, დავსვით ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის ადგილზე რეკომენდაცია ხიშბას გავუწიეთ.

არავინ მოელოდა ასეთ რადიკალურ ზომებს…

ბიუროს ყველა წევრი, მათ შორის, თავად ადლეიბა, გაოგნებას ვერ ფარავდა. ბაგრატ შინკუბა, აფხაზი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ერთგვარ იდეოლოგად ითლებოდა აფხაზურ საზოგადოებაში და რომელიც ჯერ კიდევ 1947 წელს ითხოვდა კრემლისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობას, წამოდგა და განაცხადა:

– ჯუმბერ პატიაშვილი მართალია და დღეს ჩვენ მის სამართლიან გადაწყვეტილებას მხარი უნდა დავუჭიროთ!

თანამდებობიდან მხოლოდ ადლეიბა არ გაგვითავისუფლებია. მისი ბედი გაიზიარა ლიხნის შეკრებაში მონაწილე რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც. ჩავატარეთ რამდენიმე ემოციური შეხვედრა, დავგმეთ სეპარატიზმი, ქართულ პოლიციას სიტუაციის სრული კონტროლი დავავალეთ და 7 აპრილს გამთენიისას მე, შოთა გორგოძე და სესილი გოგიბერიძე თბილისში გადმოვფრინდით.

სოხუმიდან გამომგზავრებამდე, თბილისს გადმოვეცით ინფორმაცია და ვთხოვეთ, მომიტინგეებისთვის ეცნობებინათ, რომ აფხაზეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, სეპარატისტები საკადრისად დაისაჯნენ და მთავრობის სასახლის წინ გამართული აქციაც, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად, უნდა დაეშალათ.

სამწუხაროდ, სანამ ჩვენ თბილისში დავბრუნდებოდით, ორგანიზატორებმა აქციის დაშლის ნაცვლად მოთხოვნა შეცვალეს და იმ დროისათვის ყოვლად აბსურდული და წარმოუდგენელი მოთხოვნა დააყენეს – საქართველოს გამოსვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან!

სამწუხაროდ, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ არასანქცირებულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს წამხალისებელი კრემლშიც ჰყავდა… ხოლო საკავშირო აგენტურის ქსელი გაცილებით ფართო და სოლიდური იყო (როგორც მთავრობაში, ასევე, არაფორმალებს შორის) ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო.

(სპეციალურად საიტისთვის)

წყარო: კვირის პალიტრა